„იერუსალიმ პოსტი“ - ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ რუსებს აღარ სურთ ზელენსკის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია, ხოლო უკრაინამ უკან დაიხია ნატო-ში გაწევრიანების მცდელობისგან
„იერუსალიმ პოსტი“ - ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ რუსებს აღარ სურთ ზელენსკის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია, ხოლო უკრაინამ უკან დაიხია ნატო-ში გაწევრიანების მცდელობისგან

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მხარეებს შორის ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ჯერ ძალიან დიდია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ნაფტალი ბენეტმა იერუსალიმში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხარეებს შორის გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა ჯერ ძალიან დიდია. მსოფლიოში სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ გადავლახოთ ეს აზრთა სხვადასხვაობა, რათა დავასრულოთ ომი. საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ამ ომის დასრულება, თუმცა გზა ჯერ კიდევ გრძელია და ჯერ კიდევ არის რამდენიმე სადავო საკითხი, რომელთა ნაწილი ფუნდამენტურია“, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.

ნაფტალი ბენეტმა ასევე ისაუბრა ისრაელის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ისრაელის მოსახლეობას შეუძლია, იამაყოს იმ კონტრიბუციით და დახმარებით, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ისრაელმა გაუწია.

„იამაყეთ ყველა იმ ქმედებით, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო ახორციელებს – მედიკამენტების მიწოდება, საველე ჰოსპიტლის მოწყობა, ასევე სხვა მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები. ბევრი ქვეყანა არ მოქმედებს ასეთი მასშტაბით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, როგორც გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერს, ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ რუსებს აღარ სურთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია, ხოლო უკრაინამ უკან დაიხია ნატო-ში გაწევრიანების მცდელობისგან.