„იერუსალემ პოსტი“ - საქართველოს პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ანტისემიტიზმის პრობლემა არასდროს ჰქონია
„იერუსალემ პოსტი“ - საქართველოს პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ანტისემიტიზმის პრობლემა არასდროს ჰქონია

ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში არასდროს ჰქონია ანტისემიტიზმის პრობლემა, – ამის შესახებ „იერუსალემ პოსტი“ წერს.

გამოცემის ცნობით, „საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში არასდროს ყოფილა სახელმწიფოს ან ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი ანტისემიტიზმი. საქართველში მცხოვრებმა ებრაელი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. ისინი იყვნენ პირველი ებრაელები, ვისაც მისცეს უფლება, დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი და გამგზავრებულიყვნენ ისრაელში 1970-იანი წლების დასაწყისში. დღეს საქართველოში 4000 ებრაელი ცხოვრობს“, – წერს „იერუსალემ პოსტი“.

„კონკრეტული კუთხით ჩვენ ვართ მაგალითი მსოფლიოსთვის. ჩვენ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დავხმარებივართ ერთმანეთს“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საქართველო დგას იმ 40 ქვეყნის გვერდით, რომელთა ლიდერებიც დაესწრებიან ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს, რომლებსაც ახსოვთ ჰოლოკოსტი, მაგრამ ასევე მზად არიან, ებრძოლონ თანამედრვე ანტისემიტზმს.

„ჩემი აზრით, დღევანდელი სამყარო გვახსენებს, იმას, რაც შეიძლება მოხდეს ან ხდება სამყაროში, რომელიც ახლა პოლარიზებულია. ხანდახან ეს ვლინდება ანტისემიტიზმის ფორმით. ეს არ გახლავთ საქართველოს წარსულის ან კულტურის ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულგრილები უნდა ვიყოთ. ჩვენ გლობალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ყველა ეს ტენდენცია და მოძრაობა ჩვენზეც მოქმედებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც „იერუსალემ პოსტი“ წერს, ცერემონიალზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება, ასევე აღინიშნება წითელი არმიის მიერ აუშვიცის ბანაკის გათავისუფლება. ზურაბიშვილის თქმით, წითელ არმიაში დიდი რაოდენობით ქართველი იბრძოდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა ასევე მიიღო მონაწილეობა საღამოზე, რომელიც წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას მიეძღვნა. გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ის საქართველოს ეროვნული გმირია. ის პოლონეთში ცხოვრობდა, როდესაც ამ ქვეყანას ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. ფერაძე ცდილობდა დახმარებოდა საფრთხის ქვეშ მყოფ პოლონელ ებრაელებს და ის 1942 წელს ოსვენციმის ბანაკში გადაასახლეს. ცოტა ხნის შემდეგ მოკლეს, რადგან ებრაელი პატიმრის გადასარჩენად გერმანელი ოფიცრის მკვლელობა დაიბრალა.

გრიგოლ ფერაძის ხსოვისადმი მიძღვნილი საღამო 21 იანვარს „სიონის მეგობრების მუზეუმში“ გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ისრაელში აშშ-ის ელჩი დევიდ ფრიდმენი და ისრაელის სპორტის მინისტრი მირი რეგევი.