იეპე კოფოდი - ჩვენ დემოკრატიული საქართველოსთვის ვიბრძოლებთ, დანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა აქვს
იეპე კოფოდი - ჩვენ დემოკრატიული საქართველოსთვის ვიბრძოლებთ, დანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა აქვს

ჩვენ დემოკრატიული საქართველოსთვის ვიბრძოლებთ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ავტორიტარიზმი მსოფლიოში აღმავლობას განიცდის, ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში რუსეთის მხრიდან, ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ, დემოკრატიული სამყარო უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა განაცხადა.

​დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

იეპე კოფოდმა დავით ზალკალიანთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანია არ გაჩერდება, ვიდრე უკრაინაში ომი არ შეწყდება.

„ძალზედ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მოხარული ვარ, რომ დანიის პარლამენტიდან ჩამოვიყვანე ორპარტიული დელეგაცია, 2022 წელს არის 30 წლის იუბილეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობისა. იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიზიტი არ იქნება ჩრდილში მოქცეული იმ ომის თვალსაზრისით, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. დანია მტკიცედ დგას და გმობს პუტინის უკანონო აგრესიას, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას. მინდა დავარწმუნო საქართველოს ხალხი, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით ჩვენ ურყევი მხარდაჭერა გვაქვს. დანია სრულად უჭერს მხარს ევროპულ რეაგირებას უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრაზე. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მეტს გავაკეთებთ. არ გავჩერდებით, ვიდრე პუტინი არ გააჩერებს ომს უკრაინაში, ამ ომის ღირებულებას უფრო მაღალს გავხდით. არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინიდან არ გამოიყვანენ რუსეთის ჯარებს. მადლიერი ვარ საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ფორუმებზე, გაერო-ში, ადამიანის უფლებათა საბჭოში. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის სანქციებს“, – განაცხადა კოფოდმა.

ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებულს ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობები მეტად გაღრმავდება.

ვმუშაობთ დემოკრატიის ფონდის თვალსაზრისით. ფოთის პორტში ყველაზე დიდი ინვესტიცია არის ჩადებული, ეს გახლავთ ფაქტობრივად დანიური ინვესტიცია და იმედი მაქვს, აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო გაფართოვდება, ენერგოთანამშრომლობის ხელშეკრულებას ველით, რომელსაც ხელი მოეწერება დღეს. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლება მოხდება. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს მედეგობას, ეკონომიკურ აღდგენას. გავიხსენებ გასული წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, სადაც ევროკავშირმა და აღმოსავლეთ პარტნიორებმა საქართველოს ჩათვლით გადაწყევტილება მიიღეს, გაეძლიერებინათ მედეგობა. ეს საჭიროა ისე, როგორც არასდროს და მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს რეფორმების მიმართულება, რომ საქართველომ დაიწყოს მომკა იმ ნაყოფისა, რომელიც პარტნიორობის თვალსაზრისით მასიური ინვესტიციის მიმართულებით განხორციელდება. კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული რეფორმები, ეს ყველაფერი შეიტანს წვლილს საქართველოს მედეგობაში და მინიმიზაციას მოახდენს დეზინფორმაციის პოტენციური ეფექტის და გარედან არასასურველ გავლენებზე. გუშინ ვიხილეთ სამხრეთ ოსეთში შესაძლებელი რეფერენდუმის შესახებ განცხადება, ჩვენ ვხედავთ რუსულ ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე. გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგევართ, ჩვენ დემოკრატიული საქართველოსთვის ვიბრძოლებთ და ვიქნებით პარტნიორები რეფორმების პროცესში. ჩვენ ვიდგებით თქვენთან და სხვებთან ერთად. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ავტორიტარიზმი მსოფლიოში აღმავლობას განიცდის. ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში რუსეთის მხრიდან, ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ, დემოკრატიული სამყარო უნდა გაერთიანდეს“, – განაცხადა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.