იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს
იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთისგან თავშეკავებულობას ელოდება. ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთმა ოპერაციის დაწყებამდე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ინფორმაცია მიაწოდა.

სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ თურქეთს უსაფრთხოების კუთხით შეშფოთების საფუძველი აქვს, რადგან არაერთი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას ის რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განიხილავს. ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში პარასკევს ჩავა.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქული მხარის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.