იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველა ქმედება მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას აგრძელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველა ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას აგრძელებს. „სიენენის“ ცნობით, სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არასდროს არის გვიანი თავდასხმაზე უარის თქმა.
„მოსკოვი უკრაინის ფარული დესტაბილიზაციიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ეს რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციაა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ნატო გადამწყვეტი და ერთიანია საკუთარი მოკავშირეების დაცვაში. ბოლო კვირების განმავლობაში, მოკავშირეებმა დამატებით ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი მზადყოფნაშია.
ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს სამხედრო მზადყოფნაში და 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.