იენს სტოლტენბერგის პასუხი ირაკლი ბერაიას კითხვაზე - ყველაფერი, რასაც აკეთებთ თქვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაუმჯობესებისთვის, გეხმარებათ ნატო-სთან დაახლოებაში
იენს სტოლტენბერგის პასუხი ირაკლი ბერაიას კითხვაზე - ყველაფერი, რასაც აკეთებთ თქვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაუმჯობესებისთვის, გეხმარებათ ნატო-სთან დაახლოებაში

ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაუმჯობესებისთვის, გეხმარებათ თქვენ ნატო-სთან დაახლოებაში, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას კითხვას.

კერძოდ, პარლამენტის დეპუტატი დაინტერესდა, შავი ზღვის რეგიონში საქართველოს ჩართულობის გაფართოება უწყობს თუ არა ხელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

„მადლობა, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენი გამოსვლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე წევრობისკენ ჩვენი მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ნატო-ს წევრობა არის საქართველოს მოქალაქეების მთავარი არჩევანი. 2019 წელი განსაკუთრებული და უნიკალური იყო ჩვენი თანამშრომლობის პრაქტიკული და პოლიტიკური მიმართულებების გაძლიერების მხრივ. ჩვენ ვიხილეთ უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატო-ში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წინა დღეებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს ბათუმში, რაც იყო ჩვენი ქვეყნისადმი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და ასევე იმის დადასტურება, რომ საქართველოს როლი მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

რა ხარისხით უწყობს ხელს და აახლოებს ჩვენს ქვეყანას შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართულობა მის მთავარ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანთან – ნატო-ში გაწევრიანებასთან?“ – მიმართა ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალურ მდივანს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვა ასევე არის საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ნაწილი.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის სფეროში და ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, გეხმარებათ თქვენ ნატო-სთან დაახლოებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ თქვენს სანაპირო დაცვასთან. ასე რომ, შავი ზღვა ასევე არის საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ნაწილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.