ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ლონდონის სამიტისთვის მზადება იქნება
ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ლონდონის სამიტისთვის მზადება იქნება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხვალ ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ლონდონის სამიტისთვის მზადებაა.

ბრიუსელის გამართულ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ლონდონის სამიტი დროულია, რადგან მრავალი კითხვაა დასმული ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობის სიმტკიცესთან დაკავშირებით. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრებს შორის არაერთ საკითხზეა უთანხმოება, თუმცა ამის მიუხედავად, ალიანსი ბოლო 70 წლის განმავლობაში მხოლოდ ძლიერდებოდა.

„ორ კვირაში ნატო-ს ლიდერები შეხვდებიან ლონდონში. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ალიანსის დაარსებიდან 70 წლისთავს და განვიხილავთ მომავალ გეგმებს. ხვალინდელ მინისტერიალზე მოემზადებიან ლონდონის შეხვედრისთვის. ლიდერების ეს შეხვედრა დროულია, რადგან მრავალი კითხვაა დასმული ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობის სიმტკიცესთან დაკავშირებით. მართლაც, მოკავშირეებს შორის არაერთ საკითხზეა უთანხმოება, მათ შორის ვაჭრობა, კლიმატი, ირანის ბირთვული შეთანხმება და სიტუაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. თუმცა აზრთა სხვადასხვაობა და ეჭვები ალიანსის წევრებს შორის არ არის ახალი. ამის მიუხედავად, ნატო ბოლო 70 წლის განმავლობაში მხოლოდ ძლიერდებოდა და ჩვენ ვაგრძლებთ თითქმის ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რეალურად, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა უფრო მეტს აკეთებენ ერთად დღეს, ვიდრე ათობით წლის განმავლობაში. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას უფრო მეტი ძალითა და მაღალი მზადყოფნით, ვაძლიერებთ ჩვენს რეაგირებას კიბერთავდასხმებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, ვასრულებთ წამყვან როლს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ავღანეთსა და ერაყში ჩვენი საწვრთნელი მისიებით, რადგან ძლიერი ტრანსატლანტიკური ალიანსის ნაწილად ყოფნა ჩვენი თითოეული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა ხორციელდებოდეს ტვირთის სამართლიანი გადანაწილებით. ევროპულ მოკავშირეებსა და კანადას შორის თავდაცვითი ხარჯები მეხუთე წელია განუხრელად იზრდება, თავდაცვაში ასზე მეტი მილიარდი ევროთი მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ეს არის უპრეცედენტო პროგრესი და ჩვენ მზად ვართ, ეს მომენტი გამოვიყენოთ“, – განცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად რჩება.

„ნატო რჩება ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად. ჩვენი ერთიანობის შენარჩუნებაზე და გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტლტენბერგის თქმით, მინისტერიალის მონაწილეები ასევე უნდა შეთანხმდნენ კოსმოსის ნატო-ს ოპერაციულ სფეროდ აღიარებაზე. ასევე განხილული იქნება სხვა სტრატეგიული საკითხები, მათ შორის ნატო-ს როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, კიბერუსაფრთხოება, რუსეთი, ჩინეთის მზარდი გავლენის შედეგები, იარაღზე კონტროლი და ენერგოუსაფრთხოება.

დატოვე კომენტარი