იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე, მოკავშირეების მხრიდან მიწოდებული დახმარება კი თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე, მოკავშირეების მხრიდან მიწოდებული დახმარება კი თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე, მოკავშირეების მხრიდან მიწოდებული დახმარება კი თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველეს“ გადაცემა „კონფლიქტის ზონასთან“ საუბარისას განაცხადა.

„ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწვდით, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მათ ჩამოაგდეს ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალა – ახლა აქტიურდებიან მოკავშირეები“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის გერმანიის მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემაზე, IRIS-T-ზე ისაუბრა და ასევე ახსენა, აშშ-ისა და რამდენიმე მოკავშირის მიერ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე დაპირება, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები მიაწოდონ.

სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის მიერ თავდაპირველად მიწოდებულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის სამხედრო კამპანიაში.

„ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო უკრაინელი სამხედროების უნარით, გამოეყენებინათ საჰაერო თავდაცვის ძველი საბჭოთა სისტემები, რომლებიც მათ უკვე ჰქონდათ. ნატო-ს მოკავშირეები მათ ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალებს აწვდიდნენ, შემდეგ კი უკვე დაიწყეს ახალი სისტემების მიწოდება. გერმანული სისტემა ახლა აჩვენებს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ნამდვილად მნიშვნელოვან სიმძლავრეებს. მათი მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.