იენს სტოლტენბერგი - ვიდრე პოტენციურმა აგრესორმა იცის, რომ კოლექტიური თავდაცვა მუშაობს, ჩვენ არავინ გვესხმის თავს
იენს სტოლტენბერგი - ვიდრე პოტენციურმა აგრესორმა იცის, რომ კოლექტიური თავდაცვა მუშაობს, ჩვენ არავინ გვესხმის თავს

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ვიდრე ნატო-ს მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, ქმედითია, მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს თავს არავინ ესხმის. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს გააკეთა. სტოლტენბერგის თქმით, სწორედ ამ მუხლის გამო, ნატო ევროპაში უძლიერეს ალიანსად რჩება.

„ვიდრე პოტენციურმა აგრესორებმა იციან, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმას მთელი ალიანსის პასუხი მოჰყვება, ჩვენ არავინ გვესხმის თავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა მოკავშირე, მათ შორის საფრანგეთიც, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლს დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიდერმა ბრიტანულ გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა ნატო. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც „ნატო კოორდინაციას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ახერხებს, ევროპამ თავდაცვა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს“.

გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ალიანსი რუსეთთან შეიარაღების კონტროლის თემაზე მოლაპარაკებების მომხრეა“.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში, 3 დეკემბერს ნატო-ს ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.