იენს სტოლტენბერგი - ვფიქრობ, გვაქვს უნიკალური შანსი, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი
იენს სტოლტენბერგი - ვფიქრობ, გვაქვს უნიკალური შანსი, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი

ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნიკალური შანსი გვაქვს, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი, დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

ბლინკენი ბრიუსელში სახელმწიფო მდივნის რანგში ნატო-ს მინისტერიალს პირველად ესწრება. იენს სტოლტენბერგმა, სწორედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება, რაც ალიანსების ხელახლა აღდგენას, ასევე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერებას გულისხმობს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, წინ ნატო-ს სამიტი და ინიციატივა „ნატო 2030“ არის.

„გასული წლების განმავლობაში უდიდესი ადაპტაცია განვახორციელეთ. ცივი ომის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ამ ადაპტაციის გაგრძელება და სწორედ ამას მოიაზრებს „ნატო 2030“. რადგან ნატო-ს წინაშე ისეთი გამოწვევებია, როგორიცაა რუსეთის განგრძობადი, შეუპოვარი ქცევა, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიულ ქმედებებზე არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, არამედ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერსივრცეში და ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინაშე ვართ, გვაქვს კიბერსაფრთხეები, უსაფრთხოების კუთხით გართულებები ჩინეთის აღზევების გამო, ასევე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ვერც ერთი მოკავშირე და კონტინენტი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს დამოუკიდებლად. ჩვენ გვჭირდება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთიანობა. ინიციატივა „ნატო 2030“ ეხება სწორედ იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და გავუმკლავდეთ “, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.