იენს სტოლტენბერგი - „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელარუსში არ გადასულა
იენს სტოლტენბერგი - „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელარუსში არ გადასულა

„ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელარუსში არ გადასულა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ძალები კვლავ აქტიურობენ აფრიკაში და უკრაინის ფრონტის ხაზისგან მოშორებით, ბელარუსში კი მხოლოდ რამდენიმე ჩავიდა.

„ჩვენ ვნახეთ გარკვეული მზადება „ვაგნერის“ ძალების მასპინძლობისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ გვინახავს მათი ჩასვლა. ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის კონტრშეტევის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რასაც კიევის ძალები ბრძოლის ველზე აწყდებიან.

„უკრაინელებმა მიაღწიეს პროგრესს, მაგრამ ძალიან მძიმე ბრძოლებში არიან. ისინი აწყდებიან ძალიან დიდ წინააღმდეგობას და, რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა პროგრესის ტემპზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.