იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ალიანსშია, ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ალიანსშია, ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება

უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული.

„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა სისტემა, ყველა იარაღი, რომელიც უკვე უკრაინაშია, მუშაობდეს ისე, როგორც საჭიროა. ვგულისხმობ, რომ მათ სჭირდებათ აღჭურვილობა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. მათ სჭირდებათ სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მხარდაჭერა, შეკეთების შესაძლებლობები. ამიტომ, დიახ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, სად არის ახალი პლატფორმების საჭიროება, თუმცა ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა პლატფორმა მუშაობდეს, როგორც საჭიროა, ეს არის უზარმაზარი ამოცანა. ეს საკითხი ასევე ხვალ რამშტაინის შეხვედრაზეც განიხილება“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე, ვილნიუსში ნატო-ს მომდევნო სამიტსა და ხვალ დაგეგმილ რამშტაინის შეხვედრაზე ისაუბრეს. ეს ომის დაწყების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია უკრაინაში.