იენს სტოლტენბერგი - თურქეთს С-400-ისა და ნატო-ს თავდაცვის სისტემის ინტეგრირება გაუჭირდება
იენს სტოლტენბერგი - თურქეთს С-400-ისა და ნატო-ს თავდაცვის სისტემის ინტეგრირება გაუჭირდება

თურქეთს გაუჭირდება რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის, С-400-ისა და ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ერთმანეთთან ინტეგრირება, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, მინისტრების შეხვედრაზე თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლად წყვეტს, რომელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეიძინოს, მაგრამ ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, რომ შემდეგში ის ინტეგრირებული იყოს ალიანსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან და ნათელია, რომ С-400-თან მისი ინტეგრირება რთული იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

2017 წლის სექტემბერში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 შეიძინა. მაშინ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, რომ თურქეთი, რომელიც ალიანსის წევრია, მზად უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგისთვის.