იენს სტოლტენბერგი თურქეთის მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
იენს სტოლტენბერგი თურქეთის მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეშფოთებას გამოთქვას თურქეთის მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა თურქეთში, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ანტისარაკეტო სისტემების შეძენა „თურქეთის ეროვნული გადაწყვეტილებაა, თუმცა „ეს-400“-ის სისტემების ინტეგრაცია ვერ მოხდება ნატო-ს საჰაერო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებში“.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ანტისარაკეტო სისტემების შეძენას შესაძლოა, შედეგად აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვეს.

ამას გარდა, თურქეთში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ანკარასა და ათენს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებული დავა იყო. იენს სტოლტენბერგი მიესალმება კონფლიქტის დარეგულირების მექანიზმის შექმნას, რომელიც ანკარასა და ათენს შორის ცხელი ხაზის ამოქმედებას ითვალისიწინებს.

ალიანსის გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ნატო-ს წევრებს შორის დავების გადაწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოხდება მოკავშირეების სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის სულისკვეთებით.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ დაძაბულობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ჩამოვაყალიბეთ კონფლიქტების დარეგულირება სამხედრო რეგიონში ინციდენტების რისკების შესამცირებლად. ის ითვალისწინებს უსაფრთხო ცხელი ხაზის გამოყენების ვალდებულებას, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთს შორის შეიქმნა და ხელმისაწვდომი იქნება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. მექანიზმი შეიქმნა ნატო-ს შტაბბინაში საბერძნეთისა და თურქეთის კონსტრუქციული ჩართულობით. მივესალმები ამას და პატივს მივაგებ ორივე მოკავშირის ძალისხმევას. კონფლიქტების დარეგულირების მექანიზმს შეუძლია, დაგვეხმაროს, შევქმნათ სივრცე დიპლომატიური ძალისხმევისთვის. ვიმედოვნებ, არსებული დავების გადაწყვეტა ახლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, მოკავშირეების სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლის სულისკვეთებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.