იენს სტოლტენბერგი - საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს

საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, სუვერენულმა სახელმწიფოებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თუ რა გზით სურთ, ქვეყნის მომავალი წარმართონ. ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს. გამოსვლაში სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნატო-ს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს.

„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, და მხოლოდ მათი, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნების დემოკრატიული პროცესები გადაწყვეტენ, გახდებიან თუ არა ისინი ნატო-ს წევრები და შემდეგ ნატო-ს კარი ღია იქნება. სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრები. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

სტოლტენბერგის თქმით, ის, რომ რუსეთს შეიძლება, არ მოსწონდეს რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, არ განსაზღვრავს ამ პროცესის მომავალს. ამის მაგალითად მან საკუთარი ქვეყანა – ნორვეგია მოიყვანა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს არც მაშინ მოსწონდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, თუმცა ნორვეგიამ დააკმაყოფილა ნატო-ს სტანდარტები და გაერთიანდა კიდეც ალიანსში.

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, თუ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან მათი მეზობელი პატარა სახელმწიფოები, ეს წარსულში დაბრუნება იქნება.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მას სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც სუვერენულ სახელმწიფოებს პატივს სცემენ მათი სიდიდის, ეკონომიკის ან სხვა მაჩვენებლების მიუხედავად.

„ეს ფუნდამენტური პრინციპებია და თუ ჩვენ ამაში ეჭვის შეტანას დავიწყებთ, ძალიან სახიფათო გზაზე აღმოვჩნდებით“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.