იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას თავად საქართველო და ალიანსის 29 წევრი მიიღებენ
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას თავად საქართველო და ალიანსის 29 წევრი მიიღებენ

საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად საქართველო და ალიანსის 29 მოკავშირე მიიღებენ, სხვა ამ პროცესში ვერ ჩაერევა, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ამ ქვეყნების და ალიანსის 29 წევრის გადასაწყევტია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებას ნატო-სკენ. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში. ასევე, მხარს ვუჭერთ უკრაინასაც. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტენ თავად ეს ქვეყნები და ალიანსის 29 მოკავშირე. მათ გარდა, ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა ან დაბლოკავს. რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთონ მისმა მეზობლებმა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს არ სურს რუსეთთან გამალებულ შეიარაღების შეჯიბრში ჩაერთოს, თუმცა ალიანსი იძულებულია, უპასუხოს საფრთხეებს და გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა ბალტიისპირეთში, პოლონეთში, შავი ზღვის რეგიონში.

„ჩვენ არ ვბაძავთ რუსეთს და არ ვპასუხობთ ტანკით ტანკზე, ან რაკეტაზე რაკეტით, ან ბირთვული იარაღით ბირთვულ იარაღზე. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნატო-ს აქვს ადაპტაციის საშუალება, თუ დავინახავთ, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს დააბანდებს სამხედრო ტექნოლოგიებზე ან თუ რუსეთი მოინდომებს სამხედრო ძალის მეზობლების წინააღმდეგ გამოყენებას. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, ახლა ვხედავთ უკრაინაში. რუსი სამხედროები ასევე იმყოფებიან მოლდოვაში, ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე. რუსეთი ქცევის ასეთი მოდელი ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და ჩვენ საპასუხო ზომებს მივმართავთ“, – განცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.