იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს, განვაგრძობთ მის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე 
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს, განვაგრძობთ მის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე 

ნატო-ს ლიდერები ახლო პარტნიორებს საქართველოსა და უკრაინას 12 ივლისს, ხუთშაბათს შეხვდებიან,   – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განიხილება რეგიონული გამოწვევები, თავდაცვის რეფორმები და ამ ქვეყნების მიმართ ნატო-ს განგრძობადი  მხარდაჭერა.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, როგორც სტოლტენბერგი ამბობს, კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება და გაწევრიანებაზე მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყება, მიუთითებს, რომ ალიანსის კარი ღიაა.

„რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები კვლავ დაადასტურებენ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.