ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტში ეწვევა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„მარტში ჩამოვალ საქართველოში და ველოდები ამ მომენტს. ვიცი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობასთან და ლიდერებთან საუბარი პარტნიორობაზე. ნატო-ს წვრთნებსაც დავესწრები. ჩვენი გზავნილია, რომ პარტნიორობა ძლიერდება. ეს სასარგებლოა როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის. წვრთნები იქნება მიმართული ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ეს ხაზს უსვამს საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრის მნიშვნელობას. ივლისის სამიტზე გავიმეორეთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის ყველა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლება და საქართველოსაც აქვს უფლება, გაწევრიანდეს ნატო-ში. საქართველომ და ალიანსის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის მოხდება ეს და სხვა არავის ექნება ამ პროცესში ჩარევის უფლება. ჩვენ არასდროს შევეგუებით, თუ დიდი ერები, მაგალითად რუსეთი, თავისი ინტერესების სფეროს დამკვიდრებას ეცდებიან. მათ მსგავს საკითხებში გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ექნებათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დღეს ბრიუსელში შეხვდა.