იენს სტოლტენბერგი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
იენს სტოლტენბერგი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უნიკალურია, თქვენ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი და სანდო მეგობარი ხართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ერთობლივი განცხადებები ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთეს.

„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ აქ და მოხარული ვარ, რომ თქვენ შემოგვიერთდით ნატო-ს სამიტზე ბრიუსელში. 10 წელი გავიდა, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა და მას შემდეგ ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო გახდა. ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უნიკალურია. თქვენ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი ხართ და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა ნატო-სა და საქარველოს უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის“, – განაცხადს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი მადლობელია ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს კონტრიბუციის გამო და აღიარებს მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საერთო უსაფრთხოებისთვის.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს ალიანსის წევრებმა გუშინ დაადასტურეს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის მომზადების მიზნით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ერთობლივი განცხადებები იენს სტოლტენბერგმა და გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.