იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება

ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზების საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, საზღვართან მზადყოფნის რეჟიმში მყოფი ათი ათასობით ჯარისკაცის, ტანკების, არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჯავშანტრანსპორტების მობილიზება სამხედრო ძალის ზრდის შეჩერების ან შემცირების ნიშანს არ იძლევა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები არის პროვაკაციული, დესტაბილიზაციური და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. მან მოსკოვს დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო გააგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას და ყურადღებით დააკვირდება არსებულ სიტუაციას.

„რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერას ერთობლივი სწავლებებისა და სამხედრო წვრთნების გამართვით და შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფით. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას, როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, უფლება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ უკრაინისა და ნატო-ს 30 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან მოსკოვთან დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.