იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან აგრესიის გამოვლენის შესაძლო ფორმების ფართო სპექტრისთვის უნდა ვიყოთ მზად
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან აგრესიის გამოვლენის შესაძლო ფორმების ფართო სპექტრისთვის უნდა ვიყოთ მზად

უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების კონცენტრაციამ შესაძლოა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ არის მოსკოვის აგრესიის ერთადერთი შესაძლო ფორმა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სტოლტენბერგის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ეცდება კიბერშეტევას უკრაინის დაწესებულებებზე, მიმართავს დივერსიას, ან მეზობელ ქვეყანაში სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ეცდება.

„ჩვენ აგრესიის გამოვლენის შესაძლო ფორმების ფართო სპექტრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ალიანსი მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის, მაგრამ ასევე მზადაა, შესაბამისად უპასუხოს იმ ქმედებას, თუ რუსეთი შეიარაღებული კონფლიქტის სახით დაპირისპირებას აირჩევს. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში საბრძოლო ნაწილების გაგზავნას არ გეგმავს.