იენს სტოლტენბერგი - რუსეთი თუ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული ქვეყანა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი თუ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული ქვეყანა

რუსეთი თუ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული ქვეყანა, – ამის შესახებ ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა და მიესალმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოცხადებას.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, უკრაინა სამხრეთ-აღმოსავლეთით პროგრესს აღწევს.

„უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს დონბასში მოსკოვის შეტევის შეჩერება და საპასუხო დარტყმა მიაყენეს რუსეთის თავდაცვის ხაზს, დაიბრუნეს ტერიტორია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში, ჩვენ ვიხილეთ პროგრესი სამხრეთით ხერსონის რეგიონში და ასევე, აღმოსავლეთით – ხარკოვის რეგიონში. ეს აჩვენებს უკრაინის ძალების სიმამაცეს, უნარებსა და სიმტკიცეს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა საბრძოლო ველზე ყოველდღიურად ვითარებას ცვლის. უახლოეს თვეებში ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა გამოცდას გაივლის რუსეთის ომით გამოწვეული ცხოვრების ხარჯებსა და ენერგორესურსების მიწოდებაზე ზეწოლით. თუმცა საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულით იზომება მაშინ როცა, უკრაინელების მიერ გადახდილი საფასური ადამიანების სიცოცხლით იზომება, ადამიანების ყოველდღიურად დაკარგული სიცოცხლე. ყველა ჩვენგანი გადაიხდის უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმი დაინახავენ, რომ მათი აგრესია შედეგებს იღებს. თუ რუსეთი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრები უგზავნიან მოსკოვს გზავნილს, რომ მზად არიან, დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

„ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლისადმი ურყევია“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მარაგებზე საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ომში ჩართული ჰყავს თავისი სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი.

„ახლა რუსეთის სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი ჩართულია უკრაინაში ომში. ამიტომ ის, რაც იქ ხდება, მნიშვნელოვანია რუსეთის საერთო შესაძლებლობისთვის, წარმოადგენდეს რაიმე საფრთხეს ნატო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნისთვის. ასე რომ, ჩემი უპირველესი გზავნილი ალიანსის წევრებისადმი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივესალმებით (უკრაინის) უპრეცედენტო მხარდაჭერას, მოვუწოდებთ მეტი მხარდაჭერისკენ და მოვუწოდებთ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ (შეიარაღების) მარაგები, რათა მიაწოდონ უკრაინას ის, რაც მას დაუყოვნებლივ სჭირდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.