იენს სტოლტენბერგი - რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით ცდილობს, საკუთარი ძალა გამოიყენოს მეზობლების - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ, რასაც მრავალი წელი აკეთებდა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით ცდილობს, საკუთარი ძალა გამოიყენოს მეზობლების - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ, რასაც მრავალი წელი აკეთებდა

ფაქტია, რომ რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით ცდილობს, საკუთარი ძალა გამოიყენოს მეზობლების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მოუწოდებენ რუსეთს, სამხედრო ქმედებების დროს იყოს გამჭვირვალე, რათა თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობა და ესკალაცია.

„რუსეთის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალებია განლაგებული უკრაინის საზღვართან და ვხედავთ შეიარაღებული ძალების უჩვეულო კონცეტრაციას. რუსეთი ახორციელებს საკუთარი ზრახვების და შესაძლებლობების დემონსტრირებას. ვფიქრობ, ზედმეტი სპეკულირება არ უნდა მოვახდინოთ, მაგრამ რასაც ვხედავთ ფაქტია, რომ რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით ცდილობს, საკუთარი ძალა გამოიყენოს მეზობლების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. მოვუწოდებთ რუსეთს, სამხედრო ქმედებების დროს იყოს გამჭვირვალე, რათა თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობა და ესკალაცია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო-ს ყოფნა შავი ზღვის რეგიონში, ასევე ბალტიის ზღვის რეგიონში წარმოადგენს თავდაცვით ხასიათს.

„ჩვენ 2014 წლიდან მოყოლებული გავზარდეთ ჩვენი ყოფნა აღმოსავლეთ საზღვრებთან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ. მაგრამ ნატო-ს ყოფნა შავ ზღვაში არის თავდაცვითი, რადგან რეგიონში ნატო-ს სამი წევრი სახელმწიფოა – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და ორი ახლო პარტნიორი სახელმწიფო – საქართველო და უკრაინა. სამხედრო ალიანსის ყოფნა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.