იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ცდილობს მეზობლების გაკონტროლებას, როგორც ამას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვხედავთ
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ცდილობს მეზობლების გაკონტროლებას, როგორც ამას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვხედავთ

რუსეთი ცდილობს მეზობლების გაკონტროლებას, როგორც ამას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვხედავთ, – ამის შესახებ პორტუგალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის ინტერვიუს ნაწილს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენ არ დავუბრუნდით „ცივ ომს“, თუმცა ამავე დროს ჩვენ არ ვართ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში, როგორც ამას ცივი ომის დასრულების შემდეგ ვცდილობდით. პრობლემა იმაშია, რომ რუსეთმა გადაწყვიტა თავისი გავლენის სფეროების აღდგენა, ცდილობს მეზობლების კონტროლს, როგორც ამას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვხედავთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ახალი „ცივი ომისა“ და რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, ნატო-მ სიმტკიცე და ძალა უნდა გამოავლინოს.

„არც ნატო და არც მე – რუსეთთან მოსაზღვრე პატარა ქვეყნის მცხოვრები არასდროს შევეგუებით იმას, რომ რუსეთისნაირ დიდ სახელმწიფოს ჰქონდეს უფლება, აკონტროლოს მეზობელი ქვეყნები და შექმნას გავლენის სფეროები. ამიტომ ჩვენ გამოსავალი უნდა ვნახოთ და ვაჩვენოთ, რომ მტკიცე და ძლიერები ვართ, თუმცა ამავე დროს ვცდილობთ დეესკალაციის მიღწევას და კონფრონტაციის თავიდან აცილებას, ასევე რუსეთთან დიალოგის ქონას, რათა არ დავუშვათ ახალი „ცივი ომი“ და „შეიარაღების რბოლა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.