იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, ნატო მზადაა, იპოვოს მშვიდობიანი, დიპლომატიური გამოსავალი
რასაც დღეს ვხედავთ არის ევროპის უსაფრთხოების ახალი ნორმა. ამ ტენდენციას ვხედავთ მრავალი წლის განმავლობაში. რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო მზადაა, იპოვოს მშვიდობიანი, დიპლომატიური გამოსავალი დიალოგის გამოყენებით.
„ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, გამოიყენონ სამხედრო ძალა, როგორც ეს გააკეთეს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და ასევე, ევროპის ქვეყნების დასაშინებლად, იმუქრებიან ძალის გამოყენებით. ვითარების ასეთ განვითარებას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ. ამიტომაც, ნატო-მ გადაწყვიტა უპასუხოს, რათა დავარწმუნოთ, რომ ვაგრძელებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი გაუგებრობა ჩვენი წევრების დაცვის შესაძლებლობების შესახებ. ამიტომ, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ხაზს უსვამს ნატო-ს ორმხრივ მიმართულებას. უნდა ვიყოთ ძლიერნი, ერთიანნი, მტკიცენი და ამავდროულად, მზად ვართ, ვიპოვოთ მშვიდობიანი, დიპლომატიური გამოსავალი დიალოგის გამოყენებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს საკმარისი ჯარი ჰყავს მობილიზებული, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს.
„მათ საკმარისი ჯარები ჰყავთ და საკმარისი შესაძლებლობები აქვთ, რომ დაიწყონ სრულმაშსტაბიანი შეჭრა ძალიან მცირე დროში და გაუფრთხილებლად, სწორედ ეს ხდის სიტუაციას საშიშს. ჩვენ ვიცით მათი შესაძლებლობები, თუმცა ზუსტად არ ვიცით მათი განზრახვები. ისეთი რაოდენობის ჯარი ჰყავთ უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ განლაგებული, ეს არ არის ნორმალური წვრთნები, ეს არ არის ნორმალური აქტივობა შენს ტერიტორიაზეც კი, ეს არის რაღაც, რაც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას და მათ შეუძლიათ, თავდასხმის დაწყება ნებისმიერ წუთს და გაუფრთხილებლად სწორედ ეს არის საფრთხე. სწორედ ამ მიზეზით მოვუწოდებთ მათ დეესკალაციისკენ და არასდროსაა გვიან დეესკალაცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.