იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ჩვენი უდიდესი მეზობელი, ნატო არ ერევა სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებში
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ჩვენი უდიდესი მეზობელი, ნატო არ ერევა სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებში

რუსეთი არის ჩვენი უდიდესი მეზობელი, ნატო არ ერევა სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებში – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს სურს კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან.

„ნატო არ ერევა სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებში. ეს არის ხალხის არჩევანი. ამომრჩეველი წყვეტს, თუ ვის მისცეს ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ნატო-ს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით თანმიმდევრულია და ორმხრივ მიდგომას ეფუძნება, რომელზეც ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ.

რუსეთი არის ჩვენი უდიდესი მეზობელი და იქ დარჩება. ნატო-ს სურს კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან და ვმუშაობთ პოლიტიკური დიალოგისთვის.

ნატო ზრდის თავდაცვით შესაძლებლობებს და ამასთანავე, აგრძელებს დიალოგს რუსეთთან. უკვე წლებია, რაც ასეთი მიდგომა გვაქვს და ასე გაგრძელდება წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა. 2014 წლის პირველ აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის შეჩერების თაობაზე. 2016 წლის ნატო-ს სამიტზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობა დამოკიდებული იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობისა პატივისცემაზე და აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის შეჩერების მიუხედავად, ნატო-მ რუსეთთან კომუნიკაციისთვის არხები ღია დატოვა. არ შეჩერებულა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომები. ალიანსის წევრები ამ ფორმატს დიალოგისთვის საჭირო პლატფორმას უწოდებენ. ნატო-ს გენერალურ მდივანს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთი ცდილობს მეზობლების გაკონტროლებას და ამის მაგალითია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ალიანსის გენერალური მდივნის აზრით, ახალი „ცივი ომისა“ და რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, ნატო-მ სიმტკიცე და ძალა უნდა გამოავლინოს.