იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება

რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი სამხედროების დამატებით მობილიზებას გეგმავს და აქტიურად მუშაობს, რომ მეტი შეიარაღება მიიღოს სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, მაგრამ რისი მიღწევაც უკრაინას შეუძლია ასეთ მოლაპარაკებებში, განუყოფლად არის დაკავშირებული სამხედრო ვითარებასთან.

იენს სტოლტენბერგი ასევე მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.

„რუსული ბირთვული რიტორიკა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. ის სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასოდეს მოიგებს და ამიტომ არ უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს და ჯერჯერობით რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ გვინახავს. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებდით. არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ თუ გსურთ ხვალ მშვიდობა, დღესვე უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა იარაღის მიწოდებაზე გადის“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.