იენს სტოლტენბერგი - როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი საერთაშორისო ნორმებს არღვევს, ჩვენ მათ საფასურს გადავახდევინებთ, დარწმუნებული ვარ, ნატო-ს ლიდერები ამ საკითხს განიხილავენ
იენს სტოლტენბერგი - როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი საერთაშორისო ნორმებს არღვევს, ჩვენ მათ საფასურს გადავახდევინებთ, დარწმუნებული ვარ, ნატო-ს ლიდერები ამ საკითხს განიხილავენ

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოკავშირეები ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს განიხილავენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა ლონდონში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია შეთანხმებული სანქციების სრულად განხორციელება.

„ჩვენ შევათანხმეთ ძალიან მკაცრი განცხადება. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ უკვე შეთანხმებული სანქციების სრული იმპლემენტაცია. მე ასევე ვიცი, რომ სხვა მოკავშირეები განიხილავენ, თუ შეუძლიათ დამატებითი ნაბიჯის გადადგმა. ნათელი უნდა იყოს, რომ როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი იქცევა ისე, როგორც მოიქცა, არღვევს საბაზისო საერთაშორისო ნორმებს და წესებს, ჩვენ მათ საფასურს გადავახდევინებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს ლიდერები შეხვედრაზე განიხილავენ ამ საკითხს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა მინსკის მიერ „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებას „საშინელი და აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„ბელარუსის თავზე თვითმფრინავის გატაცების საშინელი და შემზარავი ინციდენტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნატო-ს წევრები ისურვებენ, მომხდარის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ერთად დადგნენ და ბელარუსში მოუწოდონ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის ტყვეობიდან გათავისუფლება“, – განაცხადა ჯონსონმა.

დატოვე კომენტარი