იენს სტოლტენბერგი - პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, დავეხმარებით უკრაინას გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას
იენს სტოლტენბერგი - პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, დავეხმარებით უკრაინას გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყების მინისტრებთან შეხვედრა ძალიან დროული და საჭიროა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ.

„ჩვენ ვხვდებით, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროული, საჭიროა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში და რეაგირებს მეტი სისასტიკით, თავს ესხმის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ცდილობს, უკრაინელები სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რადგან პრეზიდენტი პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, რაც უკრაინელ ხალხს დიდ ტანჯვას აყენებს.

ნატო-ს მოკავშირეებმა უზრუნველყვეს უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრაინისთვის და განაგრძობენ ამ მხარდაჭერას, მათ შორის დავეხმარებით გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას. ჩვენ დღეს, საღამოს შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, კულებას და ხვალ შევხვდებით ჩვენი ახლო პარტნიორების, საქართველოს, მოლდოვისა, ბოსნია და ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას მათ მიმართ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენს მედეგობას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.