იენს სტოლტენბერგი - პასუხისმგებლობა გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში და გამანადგურებელი იქნება
იენს სტოლტენბერგი - პასუხისმგებლობა გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში და გამანადგურებელი იქნება

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ცნობები, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა საბრძოლო ცეცხლის ქვეშ არის, რაც საომარი დანაშაულია და სრულიად მიუღებელია.

აღნიშნულის შესახებ იენს სტოლტენბერგმა, რიგაში ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინელი ხალხის და შეიარაღებული ძალების მამაცობამ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის თავდასხმა გრძელდება. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, ორმა მილიონმა ადამიანმა კი უკრაინა დატოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპის ყველაზე მზარდი ლტოლვილთა კრიზისია. არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ცნობები, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისას საბრძოლო ცეცხლის ქვეშ არიან. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება საომარი დანაშაულია და სრულიად მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება რეალური ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც სრულიად იქნება დაცული. ჩვენ თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ პრეზიდენტი პუტინი გადაიხდიდა ძვირ საფასურს უკრაინაში აგრესიის განახლების შემთხვევაში და რასაც ახლა იხდის, სწორედ ის საფასურია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მოკავშირეები უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში ეხმარებიან, რაც როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გამოიხატება მილიარდობით ევროს ოდენობის მხარდაჭერით, საზღვრების გახსნით და ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევით.

„ტანჯვა, რომელსაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, საშინელია. ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. პასუხისმგებლობა გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, გამანადგურებელი და მომაკვდინებელი იქნება. სიტუაცია შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს. იმისათვის, რომ მოსკოვში არასწორ გათვლებს ადგილი არ ჰქონდეს, ნატო-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გვყავს მოყვანილი 30 ავიაგამანადგურებელი, 200-ზე მეტი ხომალდი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვამდე და რეგიონში განთავსებული ათასობით მებრძოლი. ჩვენ დავიცავთ ალიანსის ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.