იენს სტოლტენბერგი - ნავალნის სიკვდილმა, ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრებისა და მოკავშირეების ყურადღება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობის მხრივ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა და უკრაინელი სამხედროების მიერ ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების ყურადღება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობის მხრივ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ნავალნის ხსოვნისადმი პატივისცემის საუკეთესო გზაა, რომ არ მიეცეს პუტინს ბრძოლის ველზე გამარჯვების საშუალება და უზრუნველვყოთ უკრაინის უპირატესობა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა უკრაინელი სამხედროების მიერ ავდეევკის დატოვებაზე. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება.
რაც შეეხება ნავალნის სიკვდილს, ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს კრემლის რეჟიმის ავტორიტარულ ხასიათზე.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე. მისი თქმით, უკრაინის ყველა მოკავშირეს სურს უკრაინაში ავიაგამანადგურებლების რაც შეიძლება მალე ხილვა, მაგრამ, გენერალური მდივნის განცხადებით, ასევე უნდა იზრუნონ მფრინავებისა და მექანიკოსების მომზადებაზე.