იენს სტოლტენბერგი - NATO სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს
იენს სტოლტენბერგი - NATO სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს

NATO სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს,- ამის შესახებ განცხადება გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მოსკოვის აგრესიული და არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო, NATO თავდაცვით პოტენციალს გაზრდის.

სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები რუსეთის მიმართ მიდგომას სავარაუდოდ უკვე ივლისში დაგეგმილ სამიტზევე გადახედავენ.

„თუ ალიანსის რომელიმე წევრს თავს ესხმიან,პასუხისთვის მზად ვართ. ჩვენ შეკავების დამაჯერებელი პოლიტიკა გვსურს. ომი არ გვინდა, მიზანი – დეესკალაციაა“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, რუსეთის ქცევა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება, ამიტომ ალიანსმა თავდაცვაზე უნდა იზრუნოს.

ყოფილი რუსი მზვერავი სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად 4 მარტს დიდ ბრიტანეთში მოწამლეს. ლონდონში ამტკიცებენ, რომ ექს პოლკოვნიკს რუსეთში დამზადებული შხამით, მოსკოვის დავალებით დაესხნენ თავს.