იენს სტოლტენბერგი - ნატო საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს
იენს სტოლტენბერგი - ნატო საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს

ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, „პირველი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი სხდომის ფარგლებში გაიმართება.

„დღეს ჩვენ შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მასთან გვექნება დისკუსია ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივ სხდომაზე. მოკავშირეები კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცე მხარდაჭერას. მოკავშირეები საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ. ველოდები ამ შეხვედრას და ველოდები მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრა, რომელთა შორის არის შავი ზღვის უსაფრთხოება. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი სამხედროები და უკრაინული გემები.  მინისტერიალზე ასევე განიხილება რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები და ნატო-ს საპასუხო ზომები.