იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ყველა მოკავშირე ქვეყანაში სამხედრო ძალის გამოყენება ყოველთვის უკანასკნელ ზომად განიხილება
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ყველა მოკავშირე ქვეყანაში სამხედრო ძალის გამოყენება ყოველთვის უკანასკნელ ზომად განიხილება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრ ქვეყანაში სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი ზომა უნდა იყოს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა დონალდ ტრამპის გეგმების გამო საპროტესტო გამოსვლების გასაკონტროლებლად ქუჩებში შეიარაღებული ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება არის ღია დემოკრატიული საზოგადოებების ფუნდამენტური ნაწილი“.

„როდესაც საქმე ეხება სამხედრო ძალის გამოყენებას, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებში განსხვავებული კანონმდებლობა მოქმედებს, თუმცა ნატო-ს ყველა მოკავშირე ქვეყანაში სამხედრო პერსონალის გამოყენება ყოველთვის განიხილება როგორც უკანასკნელი ზომა.

ასე რომ, ეს ფუნდამენტურად არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტონ აშშ-ის ინსტიტუტებმა, თუმცა ნატო-ს ფარგლებში ყოველთვის არსებობდა ძალიან მაღალი ზღვარი საკუთარ ქვეყანაში სამხედრო ძალის გამოყენებისთვის“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო შოკირებულია.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ფერადკანიანი მამაკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.