იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ, მათ დამატებითი პირობა დადეს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის თაობაზე
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ, მათ დამატებითი პირობა დადეს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის თაობაზე

ჩვენ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს პარტნიორებთან, ასე რომ მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ შეხვედრას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო აღიარებს და პატივს სცემს უკრაინის მისწრაფებებს წევრობისკენ, თუმცა ახლა ალიანსის ყურადღება გამახვილებულია დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რადგან უკრაინა თავს იცავს რუსული აგრესიისგან.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ და მოკავშირეებმა დამატებითი პირობა დადეს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის თაობაზე.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. ათავისუფლებენ მიწებს და რუსულ ძალებს უკან ახევინებენ. ამავდროულად, უკრაინის დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსი სამხედროები ინარჩუნებენ ძლიერ შესაძლებლობებს და ჯარების დიდ რაოდენობას. რუსეთი იყენებს სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების სასტიკ თავდასხმებს, რათა უკრაინა გაყინოს და ჩააბნელოს ამ ზამთარში. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი იარაღად, აიძულოს უკრაინელები, გაიყინონ ან გაიქცნენ. ის ცდილობს, გატეხოს მამაცი უკრაინელი ხალხის ნება და ცდილობს ყველა ჩვენგანის დაყოფას, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. მაგრამ ჩვენი შეხვედრა ბუქარესტში ნატო-ს ერთიანობისა და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის ძლიერ შეტყობინებას აგზავნის. ნატო არ არის ომის მხარე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე მას ეს დასჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.