იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერითაც კი, უკრაინამ ვერ შეძლო ფრონტის ხაზის გადატანა, ეს ასახავს ფაქტს, რომ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერითაც კი, უკრაინამ ვერ შეძლო ფრონტის ხაზის გადატანა, ეს ასახავს ფაქტს, რომ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი

უკრაინის გადასაწყვეტია, რა არის მისთვის მისაღები გზები ამ ომის დასრულებისთვის, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი მიწა, ომები ბუნებით არაპროგნოზირებადია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება პოლიტიკურად, სუსტდება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით.

„ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი მშვიდობას გეგმავს, ის რეალურად გეგმავს უფრო მეტ ომს. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რაც უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ უკრაინას, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია პოტენციური მოლაპარაკების მაგიდაზე. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებებს. უნდა გვახსოვდეს, საიდან დაიწყო ეს კონფლიქტი. ჩვენ გვეშინოდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში დაიშლებოდა და პრეზიდენტი პუტინი რამდენიმე დღეში გააკონტროლებდა კიევს. ეს ასე არ მოხდა, პირიქით მოხდა. რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება პოლიტიკურად, სუსტდება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს უსაფრთხოების ინტერესია, რომ პუტინმა არ მოიგოს ომი.

„რაც თქვენ ნახეთ, არის ის, რომ ნატო-ს მოკავშირეების ამ მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერითაც კი უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ფრონტის ხაზის გადატანა. ეს მხოლოდ ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. მათი თავდაცვის ინდუსტრია საომარ მდგომარეობას ეყრდნობა. მათ შეუძლიათ თავიანთი ძალების შევსება საბრძოლო მასალითა და ახალი შესაძლებლობებით. მათ მიიღეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა ჩრდილოეთ კორეიდან და მზად არიან, რომ ამ ოპერაციაში ადამიანები გაწირონ, რაც ასევე ურთულებს უკრაინელებს ტერიტორიულ მიღწევებს, რისი იმედიც ყველას გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეების გზავნილი მინისტერიალზე, ასევე, როდესაც ჩვენ შევიკრიბებით მოგვიანებით ვაშინგტონის სამიტზე, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით. ჩვენი უსაფრთხოების ინტერესია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.