იენს სტოლტენბერგი - ღია კარის პოლიტიკამ, ევროკავშირის გაფართოების პროგრამამ დახმარება გაუწია თავისუფლების, დემოკრატიის გავრცელებას ევროპაში, რაც იყო და რჩება ისტორიულ წარმატებად
იენს სტოლტენბერგი - ღია კარის პოლიტიკამ, ევროკავშირის გაფართოების პროგრამამ დახმარება გაუწია თავისუფლების, დემოკრატიის გავრცელებას ევროპაში, რაც იყო და რჩება ისტორიულ წარმატებად

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკამ და ევროკავშირის გაფართოების პროგრამამ დახმარება გაუწია თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გავრცელებას ევროპაში. ეს იყო და რჩება ისტორიულ წარმატებად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ნატო-ში ესპანეთის გაწევრიანების 40 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ესპანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული ომის საპასუხოდ, ესპანეთს უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს თავდაცვასა და შეკავებაში, რომელმაც დამატებითი ძალები, გემები და თვითმფრინავები აამოქმედა ევროპის დასაცავად. ესპანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების დახმარების კუთხით, ისე ჰუმანიტარული, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის თავის დაცვის უფლებას, რომელიც გაწერილია გაერო-ს წესდებაში, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაასრულოს ომი და შეძლოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტა.

1997 წელს მადრიდმა უმასპინძლა ისტორიულ სამიტს. უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი მოწვეული იყვნენ ჩვენს ალიანსში გაწევრიანებაზე სასაუბროდ. ყოფილი მოწინააღმდეგეები გახდნენ ახალი მეგობრები. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკამ და ევროკავშირის გაფართოების პროგრამამ დახმარება გაუწია თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გავრცელებას ევროპაში. ეს იყო და რჩება ისტორიულ წარმატებად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ივნისში მადრიდში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მომავალ თვეს მადრიდი უმასპინძლებს კიდევ ერთ ისტორიულ სამიტს. ამ შემთხევვაში კონტექსტი ძალიან განსხვავებულია. არა თავისუფლების ახალი აფეთქება, არამედ ცივი კონფლიქტი. რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინასთან. ავტორიტარული რეჟიმები საფრთხეს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩინეთის პოლიტიკა გამომწვევია ჩვენი უსაფრთხოების, ღირებულებებისთვის. ჩინეთი შეუერთდა რუსეთს, რათა ღიად დაუპირისპირდეს თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ ასევე ვდგავართ სასტიკი ტერორიზმის, არასტაბილური სამხრეთის, თანამედროვე კიბერთავდასხმების, დამანგრეველი ახალი ტექნოლოგიებისა და კლიმატური ცვლილების შედეგების პირისპირ. ეს ყოველივე ახდენს ჩვენი უსაფრთხოების, დემოკრატიული ცხოვრების გამოწვევას. მადრიდის სამიტზე ჩვენ დავგეგმავთ ჩვენს გზას მომდევნო ათწლეულისთვის. ჩვენ გადავტვირთავთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას, გავაღრმავებთ თანამშრომლობას ჩვენს თანამოაზრე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირის და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან. სამიტზე ჩვენ ასევე შემოგვიერთდება ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც ახლახან შემოიტანეს ისტორიული განაცხადი ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მადრიდის სამიტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ნატო-ს ღირებულებებისადმი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის, ამერიკისთვის ნატო-ში ერთად მუშაობის კუთხით. ამ ზრდადი გლობალური კონკურენციის პერიოდში ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი სიძლიერე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.