იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება
იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა იენს სტოლტენბერგისთვის ალიანსის გენერალური მდივნის მანდატის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

როგორც ბრიუსელიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იუწყება, ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი 2020 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.

ალიანსში აცხადებენ, რომ ნატო სრულ მხარდაჭერას, ნდობას უცხადებს გენერალურ მდივანს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

იენს სტოლტენბერგი ალიანსის 29 წევრს მადლობას უხდის ნდობისთვის.

გენერალური მდივანი ამბობს, რომ გაგრძელებს მუშაობას ალიანსის გასაძლიერებლად და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

იენს სტოლტენბერგი ნატო-ს რიგით მე-13 გენერალურ მდივნად ალიანსის საბჭომ 2014 წლის პირველ ოქტომბერს დანიშნა.

ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილების ვადა სტოლტენბერგს წელს ეწურებოდა.