ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამომავლო სტრატეგიის შესახებ დისკუსია გახსნა. დისკუსიების სერია, სახელწოდებით „ნატო-2030“, დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში დაიწყო.
„ჩემი ხედვა – ნატო-ს გადატვირთვაა. საუბარია ჩვენი ძლიერი ალიანსის კიდევ უფრო განმტკიცებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, პანდემიამ უსაფრთხოების სფეროში დაძაბულობა გაზარდა. კონკრეტულ გამოწვევებს შორის ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაასახელა რუსეთი.
„რუსეთი არ ანელებს და ამსუბუქებს სამხედრო საქმიანობას“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
მეორე ადგილზე მან დაასახელა ტერორისტული ორგანიზაციები, კერძოდ კი „ისლამური სახელმწიფო“, ხოლო მესამე აღმოჩნდა ჩინეთი, რომლის გაძლიერებაც, სტოლტენბერგის თქმით, „პრინციპულად ცვლის მსოფლიოში ძალთა ბალანსს“.
რუსეთზე საუბრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო შეინარჩუნებს მოსკოვთან დიალოგს, თუმცა „მზად იქნება, დაიცვას მოკავშირეები“.
„ნატო-2030“-ის დისკუსიების შედეგებს ალიანსის გენერალური მდივანი ნატო-ს შემდეგ სამიტზე წარადგენს.