იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიუხედავად, სადაც უკრაინას არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა, რუსეთის თავდასხმა საერთაშორისო სამართლის გაუმართლებელი დარღვევაა
იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიუხედავად, სადაც უკრაინას არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა, რუსეთის თავდასხმა საერთაშორისო სამართლის გაუმართლებელი დარღვევაა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მიუხედავად, სადაც უკრაინას არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის საერთაშორისო სამართლის გაუმართლებელი დარღვევა.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „დოჟდთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ 2008 წელს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის რანგში მონაწილეობდა დისკუსიებში და მაშინ „ძალიან რთული იყო ისეთ რთულ საკითხებზე შეთანხმება“, როგორიცაა უკრაინის შემდგომი გაწევრიანება.

„მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს და მას შემდეგ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას სხვადასხვა ფორმატში, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ. ნატო-ს ქვეყნებმა ჩაატარეს წვრთნები, ჩვენ დახმარება გავუწიეთ უკრაინას“, – თქვა მან.

მოსაზრებას იმის შესახებ, შეეძლო თუ არა 2008 წელს უკრაინისათვის MAP-ის მინიჭებას რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის აცილება, სტოლტენბერგმა „ჰიპოთეტური სცენარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ MAP-ის არსებობა-არარსებობის მიუხედავად, რუსეთს სხვა ქვეყანაზე თავდასხმის უფლება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის.