იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ, პრაქტიკულ დახმარებას და მომავალი წევრობისთვის მომზადებას
იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ, პრაქტიკულ დახმარებას და მომავალი წევრობისთვის მომზადებას

ნატო გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ, პრაქტიკულ დახმარებას და მომავალი წევრობისთვის მომზადებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა ლიდერები 11-12 ივლისს ბრიუსელში, სამიტზე გაიმეორებენ იმას, რაც ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას და სურვილს, გახდეს ნატო-ს წევრი. ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა ლიდერები გაიმეორებენ იმას, რაც ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე. ბუქარესტში ნატო-ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

ნატო გააგრძელებს საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას და საქართველოს მომავალი წევრობისთვის მომზადებას. ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ეს ეხება ბევრ სფეროსა და მიმართულებას, ეს ეხება თავდაცვის რეფორმებს, უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მადლობას უხდის საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.

„ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსი და ვაფასებთ. ნატო გააგრძელეს საქართველოს მხარდაჭერას. დაგეგმილი მაქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. საქართველო და უკრაინა ორი განსხვავებული ქვეყანაა. ნატო-ს ორი ძალიან ღირებული და ახლო პარტნიორი. საქართველომაც და უკრაინამაც გამოსცადეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. მათ აქვთ გამოწვევები. უკრაინაც და საქართველოც რეგიონული გამოწვევების წინაშე დგანან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ იგეგმება განცხადების მიღება საქართველოზე.

„განცხადებაში ვიტყვით, რომ საქართველოს მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ვისაუბრებთ ერთობლივ საწვრთნელ ცენტზე, წლიურ ეროვნულ პროგრამაზე, იმ ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომლებიც გვაქვს და მათი გამოყენება ჩვენს თანამშრომლობას გააძლიერებს. 29 ლიდერმა ნათლად თქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს ნატო-ში მისაპატიჟებლად საჭიროა კონსენსუსი. ამას ესაჭიროება ნატო-ს ყველა ქვეყნის თანხმობა და დღეს ეს კონსენსუსი არ გვაქვს.

უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ნატო წარმოდგენილია საქართველოში. ეს არის მთავარი. ტარდება წვრთნები და საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში. მე ვერ გეტყვით, თუ როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი. ვიცი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს ითქვა ბუქარესტში და ამას ლიდერები წელსაც გაიმეორებენ“, – განუცხადა პირველ არხს იენს სტოლტენბერგმა.