იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები ერთიანი არიან უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე იმ საკითხში, რომ ნატო-მ არ უნდა განათავსოს თავისი ძალები ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში
იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები ერთიანი არიან უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე იმ საკითხში, რომ ნატო-მ არ უნდა განათავსოს თავისი ძალები ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში

მოკავშირეები ერთიანი არიან როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე იმ საკითხში, რომ ნატო-მ არ უნდა განათავსოს ძალები უკრაინაში ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ამ კონფლიქტის, ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენ ვხედავთ განადგურებას, ვხედავთ ადამიანების ტანჯვას უკრაინაში, თუმცა ეს შეიძლება, გახდეს უარესი, თუ ნატო მოქმედებებს მიმართავს, რომლებიც ამას ნატო-სა და რუსეთს შორის ფართომასშტაბურ ომად აქცევს.

ნატო-ს მოკავშირეები ერთიანი არიან იმ საკითხზე, თუ როგორ აღმოვუჩინოთ უკრაინას მხარდაჭერა. მინისტრებმა განიხილეს დღეს ეს საკითხი. მათ გააძლიერეს გზავნილი, რომ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მხარდაჭერა განვითარებული აღჭურვილობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და სხვა სახის დახმარებით, თუმცა არა ნატო-ს განთავსებით, საჰაერო სახმელეთო ძალების განთავსებით და ეს არის ნატო-ს მოკავშირეების ერთიანი პოზიცია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზეც ისაუბრა.

„გზავნილი უკრაინისადმი იგივეა, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო, რომ ის არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო და აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი გზა. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაწყვეტილებებს, ეს მათი გადასაწყვეტია, მიისწრაფვიან თუ არა ისინი ნატო-ს წევრობისკენ, შემდგომ ეს საკითხი 30 მოკავშირის გადასაწყვეტია და არა რუსეთის, რომელიც ცდილობს, ამ პროცესს ვეტო დაადოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.