იენს სტოლტენბერგი - მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც შეუძლია, გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს
ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მან კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“, გაუქმებას.
„ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი. ეს გაწერილია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი არის რუსეთიც, მათ შორის ჰელსინკის დასკვნით აქტში, პარიზის ქარტიაში და მრავალ სხვა დოკუმენტში, სადაც მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებაში სურს მონაწილეობა. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან გადასაწყვეტია მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის მიერ და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.