იენს სტოლტენბერგი - მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროება, რომლებიც შესაძლოა, რისკის წინაშე იყვნენ, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის
იენს სტოლტენბერგი - მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროება, რომლებიც შესაძლოა, რისკის წინაშე იყვნენ, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის

კრემლის ამბიციაა, გავლენის სფეროების აღდგენა და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლების წართმევა. მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროება, რომლებიც შესაძლოა, რისკის წინაშე იყვნენ, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ნატო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ურთიერთობები რუსეთთან ფუნდამენტურად შეიცვალა გრძელვადიანად.

„რუსეთის აგრესიამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ახალი ნორმა შექმნა, სადაც ფუნდამენტურ პრინციპებს ძალის გამოყენება უპირისპირდება და ჩვენ ვდგავართ მომავალი წლების განმავლობაში კონფლიქტის საფრთხის წინაშე. სასწორზე ბევრი რამ არის, თუ როგორ გავუწევთ ორგანიზებას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, გაიმარჯვებს დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი და როგორ მსოფლიოში გვინდა ცხოვრება.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ურთიერთობები რუსეთთან ფუნდამენტურად შეიცვალა გრძელვადიანად, თუმცა ჩვენ მზად ვრჩებით, დავტოვოთ შანსი დოპლომატიისთვის და კონფლიქტის განმუხტვისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ არაგონივრული ესკალაცია, გაუგებრობა ან შეცდომა. ამ კრიზისიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთი გაკვეთილი, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ჩვენ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობა გვჭირდება ნატო-ში სტრატეგიული სოლიდარობით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ბიბისის“ შეკითხვაზე, „კიდევ კონკრეტულად, რა ზომებს განიხილავს ნატო საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდასაჭერად“, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნების დასაცავად მეტი უნდა გააკეთონ.

„ნატო მხარდაჭერას უწევს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და სხვა პარტნიორებს მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რეფორმებში მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. გვაქვს საერთო სწავლებები და სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან. ჩვენ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, ეს არის ფართო შეთანხმება, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნების დასაცავად. ეს იმის ნაწილია, რომ გავაფართოოთ ის, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ მათი თავდაცვითი და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებით, რეფორმებით, წვრთნებით. ასევე, პოტენციურად მეტი აქტივობების დამატებით ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, რადგან როგორც იხილეთ უკრაინის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ინტერვენციის, ძირგამომთხრელი საქმიანობისა და პოტენციურად თავდასხმების რისკის წინაშე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბეგრმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ქვეყნები განსხვავებული სახის რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, თუმცა საერთო აქვთ, რომ რუსეთი იყენებს თავის ძალას მათ დასაშინებლად.

„ეს არის განსხვავებული ქვეყნები და ისინი განსხვავებული სახის რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, თუმცა, რაც მათ საერთო აქვთ, არის, რომ როგორც ჩვენ ვიხილეთ, რუსეთი იყენებს თავის ძალას მათ დასაშინებლად ნაწილობრივ საშინაო პოლიტიკაში დივერსიული ჩარევით ან სამხედრო ინტერვენციით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსეთის ჯარები ამ დრომდე რეალურად აკონტროლებენ საქართველოს ნაწილებს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. რუსეთის ძალები მოლდოვის მთავრობის თანხმობის გარეშე არიან დნესტრისპირეთში, რომელიც არის მოლდოვის ნაწილი. ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩვენ ვხედავთ ძალიან მყიფე და არასტაბილურ სიტუაციას წამქეზებლური რიტორიკითა და სახელმწიფო ერთიანობის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევებით. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდეც, ეს ქვეყნები იდგნენ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომლებიც ნაწილობრივ გამოწვეული იყო რუსეთის მიერ, თუმცა რისკი გაიზარდა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება და გვჭირდება სერიოზული დისკუსია ნატო-ში, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მათი გაძლიერებისთვის რუსეთის საფრთხის წინაშე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.