იენს სტოლტენბერგი - მაქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს სამიტი აჩვენებს ერთიანობას, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომას და დაიწყება ახალი ეტაპი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში
იენს სტოლტენბერგი - მაქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს სამიტი აჩვენებს ერთიანობას, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომას და დაიწყება ახალი ეტაპი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში

მაქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს სამიტი აჩვენებს ერთიანობას, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომას და დაიწყება ახალი ეტაპი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა იქნება მომდევნო 10 წლის უდიდესი საფრთხე, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ცივი ომის დროს ეს საბჭოთა კავშირი იყო, „ახლა კი, გლობალური კონკურენციის პირობებში და არაპროგნოზირებად სამყაროში ნატო-ს წინაშე ერთდროულად მრავალი საფრთხე და გამოწვევაა“.

„ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი პასუხისმგებლობა იგივე რჩება – დავიცვათ ყველა მოკავშირე, დაახლოებით მილიარდი ადამიანი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

თუმცა შეიცვალა ის საშუალება და გზები, რითაც ეს ყველაფერი უნდა განახორციელონ. სწორედ ამიტომ, როგორც ცნობილია, დღეს ნატო-ს სამიტზე გეგმავენ, შეათანხმონ 2030 წლის ამბიციური დღის წესრიგი, რომლის საშუალებითაც ნატო შეეცდება ადაპტირებას ამ ცვლილებებთან. ეს მოიცავს კოლექტიური თავდაცვის, სიმტკიცის გაძლიერებას, ტექნოლოგიური უპირატესობის გამოკვეთასა და კლიმატისა და უსაფრთხოების, როგორც მნიშვნელოვანი საკითხის, ჩართვას ამ დღის წესრიგში. აღნიშნული დღის წესრიგის მთავარი გზავნილი კი იქნება ის, რომ ვიდრე ნატო განაგრძობს ცვლილებასა და ადაპტირებას, ის დარჩება ყველაზე წარმატებულ ალიანსად ისტორიაში.