იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ხალხის დაცვა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან ნატო-ში
იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ხალხის დაცვა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან ნატო-ში

ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მადრიდის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მიიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსში, ასევე შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე და შეათანხმეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

მისივე თქმით, მოკავშირე ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამიტს სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებთან შორს მიმავალი გადაწყვეტილებებით სამომავლოდ ჩვენი ალიანსის ადაპტირებისთვის. შევთანხმდით ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტურ ძვრაზე. შევთანხმდით, მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში, ასევე შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ჩვენ შევათანხმეთ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. შევთანხმდით კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე და მილიარდიანი ინოვაციების ფონდის შექმნაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უფრო მეტ ინვესტიციას დავაბანდებთ ნატო-ში და გავზრდით ალიანსის საერთო ბიუჯეტს. ასევე, შევთანხმდით ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის ორდღიანი სამიტის შეჯამებისას.

სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს განსაზღვრავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს უსაფრთხოებისთვის.

„მადრიდის სამიტზე ჩვენი ბოლო სესია ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და საჰელის რეგიონიდან მომავალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში არასტაბილურობა პირდაპირ აისახება ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს განსაზღვრავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დღეს ჩვენ განვიხილეთ ყველა ფორმისა და გამოვლინების ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული ჩვენი პროგრესი. ჩვენ ვადასტურებთ საკუთარ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ბრძოლა სიმტკიცითა და სოლიდარობით, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერით. ნატო-ს საწვრთნელ მისიას ერაყში შეაქვს წვლილი ISIS-ის დაბრუნების აღკვეთაში. პირველად ჩვენ შევათანხმეთ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტი მავრიტანიისთვის, რაც დაეხმარება სასაზღვრო უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის საკითხების და ტერორიზმთან გამკლავებაში. ჩვენ ასევე შევთანხმდით დამატებითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდამჭერ პაკეტზე ტუნისისთვის და იორდანიის მხარდაჭერის გაგრძელებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ სამიტის მონაწილეებმა ასევე განიხილეს „გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგი“.

„მას აქვს სერიოზული გავლენა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ხალხებზე. სურსათის ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, მრავალი ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინაზე ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტის იმპორტით. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხილეს კრიზისის შემსუბუქებისა და სახმელეთო და საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ძალისხმევა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ასევე განიხილეს, როგორ განაგრძობენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის მიღების მცდელობას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში.

„მოსკოვი და პეკინი იყენებენ თავიანთ ეკონომიკურ ბერკეტებს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილეთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება ამ მზარდ გამოწვევაზე, მათ შორის რეგიონში ნატო-ს პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზით.

ჩვენ ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხოების მხრივ ყველაზე სერიოზული ვითარების წინაშე ვიმყოფებით, თუმცა წინ აღვუდექით გამოწვევას ერთიანობითა და სიმტკიცით. მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტის პრევენცია და ჩვენი ხალხისა და ღირებულებების დაცვა. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან ნატო-ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.

დატოვე კომენტარი