იენს სტოლტენბერგი იდლიბში განხორციელებულ მოვლენებს გმობს
იენს სტოლტენბერგი იდლიბში განხორციელებულ მოვლენებს გმობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იდლიბში განხორციელებულ მოვლენებს გმობს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ იენს სტოლტენბერგისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ასადის რეჟიმსა და რუსეთს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმები და მხარი დაუჭირონ სირიის კრიზისის დარეგულირების ძალისხმევას, რომელიც გაერო-ს ეგიდით ხორციელდება. სტოლტენბერგის თქმით, კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა თავშეკავება უნდა გამოიჩინონ.

„ყველა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აირიდონ ამ ძალიან სახიფათო გარემოების კიდევ უფრო გამწვავება და ის საშინელი ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც რეგიონში შეიქმნა“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.