იენს სტოლტენბერგი - ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია
იენს სტოლტენბერგი - ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ ბრალდებებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა მოქმედებდეს, თუმცა ომი უკრაინასა და ღაზაში ძალიან განსხვავებულია.

„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ჩინეთის საკითხზეც. მისი თქმით, მიესალმება, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.

„ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ნატო დარჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ალიანსად, მაგრამ ჩვენი გამოწვევები გლობალურია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, არაბმა ლიდერებმა დასავლეთის ქვეყნები იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ არ გამოიყენეს იგივე სტანდარტები ღაზაში ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ, რასაც მიმართეს უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ.