იენს სტოლტენბერგი - გავაკეთებთ უფრო მეტს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციისთვის
იენს სტოლტენბერგი - გავაკეთებთ უფრო მეტს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციისთვის

ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს მომავალ წელს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციისათვის. გავაკეთებთ უფრო მეტს ბევრ სფეროში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პირველი არხი დაინტერესდა, არსებითი პაკეტის განხორციელების შემდეგ, რა უნდა გაკეთდეს ერთობლივად, საქართველოს ორგანიზაციაში მიპატიჟებამდე და გაწევრიანებამდე.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ნატო-საქართველოს წვრთნები, რაც არის ძალიან ძლიერი ნიშანი საქართველოსა და ნატო-ს შორის ძლიერი თანამშრომლობის და იმის, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად. ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს მისიებში. ძალიან ბევრი მიმართულებით ვაკეთებთ უფრო და უფრო მეტს სხვადასხვა ოპერაციასა და მისიაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს წარმოადგინა დამატებითი იდეები. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მათ, ვინაიდან ეს არის მიმდინარე პროცესი, სადაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ მეტს. ნატო- საქართველოს კომისიამ დღეს აჩვენა, რომ ეს არის სარგებლის მომტანი ნატო-სა და საქართველოსთვის. ეს არის ერთმანეთის დაცვის, ერთმანეთის მხარდაჭერის, ერთმანეთის დახმარებისა და ერთმანეთისგან სწავლისთვის. ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ ამ ახლო პარტნიორობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ.