იენს სტოლტენბერგი - გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი
იენს სტოლტენბერგი - გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი

გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევის გარშემო ჩრდილოეთიდან განდევნეს, შემდეგ ხარკოვის გარშემო აღმოსავლეთიდან და ახლა ვხედავთ, როგორ ახერხებენ უკრაინელები, ნელ-ნელა უკან დაახევინონ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ქალაქ ლაიდში ის ბაზაც მოინახულა, სადაც უკრაინელ სამხედროებს ბრიტანელი, კანადელი და ლიეტუველი ინსტრუქტორები წვრთნიან.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს.